მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაგეგმილი რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრორუსი ოლიგარქი ილან შორი მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვას ცდილობს.
Politico-მ მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექციის უფროსზე, ვიორელ ჩერნეუციანაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთმა 15 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა მოლდოვის 130 ათასი მოქალაქის ანგარიშებზე პრორუსი ოლიგარქის ილან შორის მაფიოზური ქსელის მეშვეობით, რათა მომავალ რეფერენდუმზე მათ მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
მისი თქმით, „მოლდოვა აწყდება ამომრჩევლების უპრეცედენტო მოსყიდვას ჰიბრიდულ ომთან და დეზინფორმაციასთან ერთად“. აღნიშნულია, რომ მხოლოდ სექტემბერში ქვეყნის მოქალაქეებზე ანგარიშებზე 15 მილიონი დოლარის თანხა გადაირიცხა.
გამომძიებლების თქმით, აკრძალული პრორუსული პარტიის დამფუძნებელი ილან შორი (აპრილში მან მოსკოვში შექმნა მოლდოვის პარტიების პრორუსული ბლოკი "გამარჯვება" და გახდა მისი თავმჯდომარე) დაეხმარა თანხების გათეთრებაში ბანკებისმეშვეობით, რომელიც ამომრჩევლების მოსყიდვისთვის იყო გამოყოფილი.
მოლდოვაში შორს დაუსწრებლად მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა საბანკო თაღლითობისთვის.
გამოცემამ "Moldova: Actual"-მა გამოაქვეყნა დეტალები სქემის შესახებ, რომელშიც ილან შორი მონაწილეობდა.
გადარიცხვები განხორციელდა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის (ANO) ევრაზიასა“ და „პრომსვიაზბანკის“ მეშვეობით, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.
გამოცემის ცნობით, ტერიტორიულმა კოორდინატორებმა, რომლებმაც მიიღეს თანხა, გადასცეს ის თავის მხარდამჭერებს, რათა მოეწყოთ დესტაბილიზაცია.
თავის მხრივ, ილან შორმა დაადანაშაულა მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია დასავლური ინსტიტუტებიდან თანხების მიღებაში.
„მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გადასვლისას, იქ არის ბრიტანეთის საელჩო, ევროპული და ამერიკული ფონდები, მათ შორის ცნობილი USAID - პროამერიკული იდეების პრომოუტერი, რომელმაც საცეცები გაავრცელა მთელ მსოფლიოში.
ფორმალურად, ეს არიან საიტის სპონსორები. ყველა, ვინც სასიცოცხლოდ დაინტერესებულია, რომ მოლდოვა გახდეს დასავლეთის კიდევ ერთი სამხედრო ბაზა და პროვინცია“, - წერს შორი ტელეგრამ-არხზე.
მოლდოვაში 20 ოქტომბერს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფრენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად 20 ოქტომბერს გაიმართება.