ჩემი, როგორც ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის, პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია უკრაინის მხარდაჭერის და გამარჯვების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტი მისი პირველი სამუშაო ვიზიტი იყო თანამდებობის დაკავების შემდეგ.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უკრაინაში ჩამოსვლა ჩემი მანდატის დასაწყისში, რათა ნათლად მეჩვენებინა როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, ვინც აკვირდება, რომ ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„ჩემი, როგორც ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის, პრიორიტეტი და პრივილეგიაა ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა {ამ ომში}“, - განაცხადა რუტემ.
გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერა თავად მოკავშირეებსაც სჭირდებათ.
„სწორედ ამიტომ ვართ ასე ერთგული უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ასახავს ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა მარკ რუტემ.
მან ასევე გაიხსენა, რომ მოკავშირეებმა უკვე გაუწიეს უკრაინას "უპრეცედენტო მხარდაჭერა" რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას აქვს სასწრაფო საჭიროებები და ჩვენ ვმუშაობთ, რათა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. ბოლო რამდენიმე კვირაში რამდენიმე მოკავშირემ გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის ახალი კონტრიბუციებია დანიიდან, ლატვიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და რვა მილიარდ დოლარამდე დახმარება აშშ-დან. უკრაინის მხარდაჭერა და ჩვენი საკუთარი მარაგების შევსება ნიშნავს თავდაცვითი წარმოების გაზრდას და ეს იქნება ჩემი პრიორიტეტი“, – განაცხადა რუტემ.
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მხარდაჭერის 99% უკრაინას ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან აქვს.