ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა.
როგორც ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, ასანჟის მიმართ ჩადენილი ქმედებები იძლევა საშუალებას, რომ მას ჰქონდეს პოლიტპატიმრის სტატუსი.
საპარლამენტო ასამბლეამ შეშფოთება გამოხატა ჯულიან ასანჟის მიმართ არაპროპორციულად მკაცრი მოპყრობის გამო და განაცხადა, რომ ეს შემთხვევა ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და მამხილებელთა დაცვას მთელ მსოფლიოში.
ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ამერიკას, გამოიძიოს ასანჟისა და „ვიკილიქსის“ მიერ გამოვლენილი შესაძლო ომის დანაშაულები და ადამიანის უფლებების დარღვევა.
ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აშშ-ს მოუწოდა 1917 წელს მიღებული „ჯაშუშობის აქტის“ რეფორმირებისკენ, რათა გამოირიცხოს მისი გამოყენება გამომცემლების, ჟურნალისტებისა და ანონიმური წყაროების მიმართ, რომლებიც ასაჯაროებენ კლასიფიცირებულ ინფორმაციას სერიოზული დანაშაულების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
შეგახსენებთ, 52 წლის ჯულიან ასანჟმა ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელს ბრალი წაყენებული ჰქონდა ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში. წლების განმავლობაში აშშ ამტკიცებდა, რომ „ვიკილიქსის“ ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ, საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. „ვიკილიქსიის“ დამფუძნებელი კი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
ასანჟი 25 ივნისს გათავისუფლეს.