უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად უკრაინაში სამხედრო მრჩევლების გაგზავნას გეგმავს. მისივე თქმით, ბუდაპეშტმა ეს წინადადება უარყო.
„ეს ნიშნავს, რომ წვრთნები აღარ ჩატარდება მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე და წვრთნებში მონაწილე ევროკავშირის სამხედრო მრჩევლები განთავსდებიან უკრაინაში“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიიარტოს მიაჩნია, რომ ეს „საშიში წინადადება“ მნიშვნელოვნად „გაზრდის ომის ესკალაციის, ანუ მისი შემდგომი გავრცელების რისკს“.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ ამ წინადადებაზე და უკვე მივუთითეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურს ბრიუსელში, რომ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მხარი დავუჭიროთ მას ამ ფორმით“,- აღნიშნა სიარტომ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში.