შვედეთის პოლიციის განცხადებით, სტოკჰოლმში ისრაელის საელჩოსთან სროლა იყო.
შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. სამართალდამცველების თქმით, მათ მიიღეს შეტყობინება აფეთქების შესახებ საელჩოსთან ახლო მდებარე ქუჩაზე, სტოკჰოლმის ცენტრში, თუმცა ადგილზე აღმოჩენილია კვალი, რომელიც სროლაზე მიუთითებს.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ კვალი, რომელიც მიუთითებს სროლაზე ისრაელის საელჩოსთან, მაგრამ არ გვინდა გავამჟღავნოთ კონკრეტულად რა კვალია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“, - თქვა სტოკჰოლმის პოლიციის სპიკერმა რებეკა ლანდბერგმა.
შვედეთის პოლიციამ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, საელჩოს შენობას ესროლეს.
პრესსპიკერმა დასძინა, რომ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებებში იარაღის გამოყენებით დანაშაულის, გარშემო მყოფთათვის საფრთხის შექმნისა და უკანონო მუქარის ფაქტზე.
პოლიციას არავინ დაუკავებია, მაგრამ სპიკერმა თქვა, რომ ტერიტორია სათვალთვალო კამერების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და პოლიცია აქტიურად ანალიზებს მასალას.