100-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ამერიკელი რეპერ შონ კომბსის (ფი დიდის) სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ BBC ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა ადვოკატის, ტონი ბუზბიზე დაყრდნობით იუწყება.
ტონი ბუზბი აცხადებს, რომ სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი 9 წლის ასაკში გახდნენ.
ბუზბის თქმით, მოსარჩელეთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ მათზე სექსუალურად იძალადეს კომბსის მიერ ორგანიზებული წვეულებების შემდეგ, რომლებიც იმართებოდა ცნობილ ადგილებში, ასევე კერძო რეზიდენციებსა და სასტუმროებში. ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტების უმეტესობა 2015 წლის შემდეგ მოხდა.
ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი, ცნობილი როგორც Diddy, ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კომბსი, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო, 2017 წელს ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების სიაში ლიდერობდა.
2022 წელს ჟურნალმა მისი ქონება 1 მილიარდ დოლარად შეაფასა, რითაც ის Jay-Z-ის შემდეგ მეორე უმდიდრესი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი გახდა.