ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს ისრაელში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს, ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს.
„ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმერ გამოვლინებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სმაინისტროში.
ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.