ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო.
როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება უმნიშვნელოვანესია აგრარული დარგის განვითარებისთვის.
"ქობულეთში ციტრუსის გადამმუშავებელი ახალი საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. განხორციელდა უცხოური ინვესტიცია, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელ სექტორში. ყოველწლიურად რეგიონში 10-15 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავება ხდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თანამედროვე საწარმოს ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერებისგან ციტრუსის მიღებას და გადამუშავებას, შემდგომ დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს, რომლის ექსპორტი განხორციელდება, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე, შესაბამისად, შეიქმნება დამატებული ღირებულება. ასეთი მასშტაბის პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის, სოფლის მეურნეობისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ მივესალმებით და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ინვესტორებს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ ახალი საწარმო სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. კომპანიას ასევე აქვს სამაცივრო მეურნეობა 3000 ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად. კომპანია მზადაა, უკვე მიმდინარე წელს ადგილობრივიფერმერებისგან შეისყიდოს მანდარინი და გადაამუშაოს.
ქობულეთის საწარმოში ქართულ-სლოვაკური ინვესტიცია კომპანიამ „შპს იბერია ორბი“ განახორციელა. ამ ეტაპისთვის, 3,5 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კომპანია დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.