შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ესპანეთის სამეფოს პოლიციის ატაშე საქართველოში ხუან ალკოლეა რუისი საქართველოს შსს-სა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის „მადლობის სიგელით“ დააჯილდოვა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარკოს გრანადოს გომესი.
„ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ ხუან ალკოლეა რუისს, რომელიც საქართველოში მოვლენილია 2021 წლიდან განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის ოპერატიული და არაოპერატიული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებაში.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დასაფასებელია მისი უშუალო ჩართულობა და ძალისხმევა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის რეადმისიის შესახებ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმისა და მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესში“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში