ისრაელმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზანმიმართული სახმელეთო ოპერაცია რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე სამხრეთ ლიბანის სასაზღვრო ზონაში. აღნიშნული განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს გააკეთეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის საჰაჰერო და თავდაცვის ძალების არტილერია მხარს უჭერენ ისრაელის სახმელეთო ძალებს "ზუსტი დარტყმების" განხორციელებით სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.
ისრაელის არმიის განცხადებით, ოპერაცია „ჩრდილოეთის ისრები“ გაგრძელდება არსებული ვითარების შეფასების შესაბამისად და ღაზის სექტორსა და სხვა რაიონებში ბრძოლების პარალელურად.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთით მდებარე სამ უბანში მყოფ მოსახლეობას დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
„თქვენ იმყოფებით ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ინტერესებისა და ობიექტების სიახლოვეს, ამიტომ ისრაელის თავდაცვის ძალები მათ წინააღმდეგ იმოქმედებს. თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ შენობები, სულ მცირე 500 მეტრის რადიუსში“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში. გაფრთხილებიდან ერთ საათში ბეირუთში სამი დარტყმა განხორციელდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 95 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 172 დაშავდა.