აშშ-ის საელჩოს განცხადება ნამდვილად საგანგაშო უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რადგან ოფიციალურად დასდეს ბრალი ცრუ ნარატივების გავრცელებაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სურთ თუ არა ხელისუფლებაში დარჩეს სანქცირებული, მოღალატე ხელისუფლება, რომელიც აპირებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება ნამდვილად საგანგაშო უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. საელჩომ ოფიციალურად დასდო ბრალი „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ ისინი იტყუებიან, ავრცელებენ ფსევდო, ცრუ ნარატივებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი მას შემდეგ, რაც გუშინ კალაძე მიესალმა ლავროვის განცხადებას, სადაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დღეს დადგებიან და იტყვიან, რომ აშშ ისევ არის გლობალური ომის პარტია. რა თქმა უნდა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ კარგად იაზრებს რა როლი აქვს აშშ-ს თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში, იმ მეგობრობაში, დახმარებაში, რომელსაც ამერიკელი პარტნიორებისგან ვიღებთ და პირველ რიგში ეს არის დახმარება არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მუდმივად გამოხატავს თავის მეგობრულ დამოკიდებულებას ამერიკელი ხალხის მიმართ.“
არავითარი თანამშრომლობის რესურსი „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აღარ არსებობს. მე ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის თავმჯდომარეც იმყოფებოდა აშშ-ში, დაესწრო როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის კონგრესებს, სადაც დასახელდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებად დემოკრატიული პარტიიდან კამალა ჰრისი, ხოლო რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი, ორივე პარტიის წარმომადგენლებს აქვთ იდენტური დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქართული ოცნების მიმართ. ისინი ხედავენ, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკელ პარტნიორებთან ახალი თანამშრომლობის ეტაპის დაწყება, რაც გულისხმობს კიდევ უფრო ღრმა პარტნიორობას, „მეგობარი აქტის“ ძალაში შეყვანას, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩვენ ვნახეთ რა პასუხს იღებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს უარი უთხრეს დასწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონ ბაიდენის ოფიციალურ მიღებას. აქედან გამომდინარე, ასევე უნდა აღვნიშნოთ ის საკითხიც, რომ ეს არის უკიდურესი ნაბიჯი აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან, რადგან მათ რა თქმა უნდა, არ სურთ ითანამშრომლონ სანქცირებულ ხელისუფლებებთან, მაგრამ როგორც ხედავთ მათ უკვე სხვა გამოსავალი არ დარჩათ და შესაბამისად, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სურთ თუ არა ხელისუფლებაში დარჩეს სანქცირებული, ამ ქვეყნის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც აპირებს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია: ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ; რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ".