შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი ქარიშხლის, "ჰელენის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90 ადამიანს გადააჭარბა. მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინას ბუნკომბის ოლქში დაფიქსირდა კატასტროფის 30 მსხვერპლი.
მთლიანობაში, ქარიშხალმა სულ მცირე 93 ადამიანი იმსხვერპლა. აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესსა და ვირჯინიაში ადგილობრივი ოფიციალური პირებისა და მედიის ინფორმაციას.
ქარიშხალმა და მის შედეგად გამოწვეულმა კატასტროფულმა წყალდიდობამ რამდენიმე შტატში 2,7 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და დააზიანა ან მთლიანად გაანადგურა სახლები, კომერციული შენობები და გზები, ასევე წყლისა და კომუნიკაციების სისტემები.
ათასობით ადამიანი დროებით თავშესაფრებში მოათავსეს. ხელისუფლება მუშაობს ელექტროენერგიის აღსადგენად, მაგრამ სამუშაოებს შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.
ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, " ვერავინ იქნებოდა მზად ასეთი ფართო წყალდიდობისა და მეწყრებისთვის". უწყების ინფორმაციით, ზიანი განსაკუთრებით მძიმეა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.
ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორმა როი კუპერმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ რაიონში მაშველები იძულებულნი არიან უზრუნველყონ დახმარების მიწოდება საჰაერო გზით დატბორილი ან განადგურებული გზების გამო. ნაპირების ჩავარდნის რისკის გამო, წყალდიდობის გაფრთხილება ძალაში რჩება შტატის დასავლეთის ნაწილებში.
ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, ჩრდილოეთ კაროლინასა და ტენესის ოთხი მთავარი გზატკეცილი დაკეტილია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადეს, რომ აპირებენ მოინახულონ კატასტროფის ზონები.
ქარიშხალი "ჰელენი" თავდაპირველად 26 სექტემბერს ფლორიდის შტატს დაატყდა თავს და შემდეგ მეზობელ შტატებში გადავიდა. ქარის სიჩქარე საათში 225 კილომეტრს აღწევდა, ის მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად იყო კლასიფიცირებული, რაც "უკიდურესად საშიშს", ნიშნავს.