29 სექტემბერს ავსტრიაში ხმის უფლების მქონე 6.3 მილიონი ავსტრიელი შეძლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
მოელიან, რომ ამ არჩევნებზე ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ (FPÖ), რომელიც ერთ წელზე მეტია გამოკითხვებში ლიდერობს.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, „ავსტრიის თავისუფლების პარტიას“ 28%-იანი მხარდაჭერა აქვს. მას მოსდევს კონსერვატიული „ავსტრიის სახალხო პარტია“, რომელსაც მოქმედი კანცლერი კარლ ნეჰამერი ხელმძღვანელობს, დაახლოებით 25%-ით და სოციალ-დემოკრატები 20%-ით. მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან „მწვანეთა“ პარტია“, რომელიც ავსტრიის კოალიციური მთავრობის შემადგენლობაშია და პარტია „ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი“.
არჩევნები ეკონომიკური ვარდნისა და იმიგრაციასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე მიმდინარეობს.
ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ წარსულში რამდენჯერმე იყო მთავრობის შემადგენლობაში, თუმცა არჩევნებში არასდროს გაუმარჯვია. ევროპული მედიის ინფორმაციით, ამჯერად შესაძლოა, პარტიამ საუკეთესო შედეგი დააფიქსიროს არჩევნებზე და ხმების უდიდესი ნაწილი მიიღოს.
პარტიას 2021 წლიდან ავსტრიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰერბერტ კიკლი ხელმძღვანელობს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ულტრამემარჯვენე პარტია ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მას სავარაუდოდ არ ექნება საკმარისი მანდატი და ვერც სხვა პარტიებს მიიმხრობს სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად.
ულტრამემარჯვენე პარტია და კონსერვატორები არ გამორიცხავენ თანამშრომლობას, თუმცა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ არ აპირებს ჰერბერტ კიკლის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობს.
ერთ-ერთ ვერსიად განიხილება სამმხრიივი კოალიცია კონსერვატორებს, მემარცხენე სოციალ-დემოკრატებსა და ლიბერალურ ფორუმს შორის.
საარჩევნო უნები 19:00 საათზე დაიხურება. შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.