ნეპალში, გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სულ მცირე, 66 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.
ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, 69 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული, ხოლო 60 პირი დაშავებულია.
შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ხალხის ევაკუაცია ვერტმფრენების დახმარებით შენობების სახურავებიდან ხდება. მსხვერპლი უმეტესად კატმანდუს ხეობაში დაფიქსირდა, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მეწყერმა გზები 30-მდე ადგილას ჩახერგა, რის გამოც საავტომობილო გზები გადაკეტილია.
წვიმები, სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, სტიქიის შედეგად შეფერხებულია შიდა ფრენების უმეტესობა, თუმცა საერთაშორისო ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
ბუნებრივი კატასტროფები ხშირია სამხრეთ აზიაში მუსონური წვიმების პერიოდში ივნისიდან სექტემბრამდე, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებამ გაზარდა მათი სიხშირე და ინტენსივობა.