შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ისრაელს აშშ ბეირუთზე თავდასხმის შესახებ არ გაუფრთხილებია.
„აშშ არ მონაწილეობდა ისრაელის ოპერაციაში, წინასწარ გაფრთხილება არ გვქონია. ჩემი საუბარი ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შედგა იმ დროს, როდესაც ისრაელის ოპერაცია უკვე დაწყებული იყო.
როგორც იცით, ეს ოპერაცია სულ რამდენიმე საათის წინ ჩატარდა და ჯერ კიდევ აკეთებენ შეფასებებს, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია და კონკრეტიკა ამ დროისთვის არ მაქვს. არაერთხელ მითქვამს, რომ ყოვლისმომცველი ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული“, - განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა დასძინა, რომ დიპლომატია არის ყველაზე სწრაფი გზა, რათა ისრაელისა და ლიბანის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში საზღვრის ორივე მხარეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მალე მორიგი საუბარი ექნება გალანტთან, რომლის დროსაც იმედოვნებს ახალი დეტალების მოსმენას ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შესახებ.
შეგახსენებთ, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. დარტყმის მთავარი სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. ამას გარდა, ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, იერიშის მომენტში შტაბ-ბინაში ჰეზბოლას მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა ნასრალა ისრაელის იერიშის ქვეშ.