ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ნიუ იორკში გაერო-ს 79-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომისრაელის მტერს სურს ქვეყნის განადგურება.
ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და ჰოლოკოსტს შეადარა. მისი თქმით, ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე ყველა დარჩენილ მძევალს არ გაათავისუფლებს.
„მე მაქვს გზავნილი ტირანებისთვის თეირანში: თუ თქვენ თავს დაგვესხმებით, ჩვენც დაგესხმებით.
ირანში არ არის ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება და ეს ეხება მთელ ახლო აღმოსავლეთს“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოება ირანის დამშვიდების მცდელობისა დაქვეყნის შიგნით მოქალაქეების ჩაგვრისა და თეირანის საგარეო აგრესიის უგულებელყოფის გამო.
ისრაელის პრემიერმა თეირანს მიმართა და თქვა, რომ ისრაელზე დარტყმის შემთხვევაში, იქნება საპასუხო დარტყმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებსაც მიმართა, თუ რა არჩევანს გააკეთებენ – დაუდგებიან გვერდით ისრაელს, დემოკრატიას და მშვიდობას, თუ ირანს.
გამოსვლა ისრაელის პრემიერმა გაერო-ს კრიტიკით დაასრულა და მას „სიბნელის სახლი“ უწოდა. მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაერო-მ ისრაელის წინააღმდეგ იმაზე მეტი რეზოლუცია მიიღო, ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყნის წინააღმდეგ.
„როგორი თვალთმაქცობაა. როგორი ორმაგი სტანდარტია. როგორი ხუმრობაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ სამხედრო დამნაშავეები არიან ირანში, ღაზის სექტორში, სირიასა და ლიბანში.
როგორც ისრაელის ლიდერმა აღნიშნა, როდესაც ებრაელ ხალხს კლავდნენ, არავინ აწია ხელი მათ დასაცავად.
„ახლა ჩვენ გვაქვს საკუთარი სახელმწიფო და საკუთარ თავს ვიცავთ. ისრაელი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ლიბანისა და პალესტინის წარმომადგენლებმა დატოვეს დარბაზი, როდესაც ნეთანიაჰუ ტრიბუნაზე ავიდა.