უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან გამოსულმა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი რამ გაიგო ამ შეხვედრიდან.
„ბევრი რამ გავიგე. ჩვენ ორივეს გვსურს, რომ ვნახოთ ამ ომის დასასრული და სამართლიანი შეთანხმება“, – განაცხადა ტრამპმა.
შეკითხვაზე, როგორ ხედავს ტრამპი სამართლიან გარიგებას ცეცხლის შეწყვეტაზე, ექსპრეზიდენტის პასუხი იყო, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.
„მე ჩემი იდეები მაქვს, პრეზიდენტ ზელენსკის თავისი, მაგრამ მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი“, – აღნიშნა ტრამპმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.
„პუტინმა იმდენი ადამიანი მოკლა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მასზე ზეწოლა მოვახდინოთ ომის შესაწყვეტად. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ამის გაგება ყველაზე მნიშვნელოვანია. ის არის ჩვენს ტერიტორიაზე“, – თქვა ზელენსკიმ.