ნიუ იორკში, Trump Tower-ში ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი შეხვდნენ. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შეხვედრის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრიდან ხუთი წელი გავიდა. მან მადლობა გადაუხადა ტრამპს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს უკრაინაში ომის დასრულებას და პუტინის ვერმოგებასთან დაკავშირებით. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მინდა თქვენთან განვიხილო გამარჯვების გეგმის დეტალები“, – განუცხადა ზელენსკიმ ტრამპს.
დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მას შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ტრამპის თქმით, მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ისე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და იმედი აქვს, რომ სწრაფად მიიღებენ რაიმე სახის გადაწყვეტილებას. ზელენსკიმ კი უპასუხა, რომ, მისი აზრით, ტრამპთან თავად უფრო კარგი ურთიერთობა აქვს.
„ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება“, – უპასუხა ტრამპმა ზელენსკის.
დონალდ ტრამპმის თქმით, იგი ეცდება, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად ორივე მხარესთან იმუშაოს. „ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის. მსგავსი საშინელი სიტუაცია არასდროს მინახავს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპთან კომუნიკაციის დაწყებამდე ზელენსკიმ განმარტა, რომ საჭიროდ ჩათვალა აშშ-ს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან შეხვედრა, რადგან ნებისმიერ მათგანს შეუძლია დაიკავოს უმაღლესი თანამდებობა და უკრაინას არჩევნების შემდეგ მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.