ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფმა ჯერ კიდევ ივნისში, უნივერსიტეტს და უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასება მიანიჭა, გუშინ კი ავტორიზაციის საბჭომ დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა აღნიშნული დასკვნა.
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა (იხ. ამონარიდი დოკუმენტიდან).
გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას. ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს," - აცხადებს უნივერსიტეტი.