2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა - რატომ არ შემოვიდა რუსეთი საქართველოში 2022 წელს? დიახ, ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებში, საქართველოში მეორე ფრონტს ერთ კვირაში გახსნიან.
„რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში 2022 წელს? ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ, დიახ! ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ არა მარტო უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რუსეთი იქნებოდა საქართველოში შემოსული 2022 წელს.
გარანტიას გაძლევთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებში, თეორიულად რომ დავუშვათ, ერთ კვირაში გახსნიან მეორე ფრონტს ამ ქვეყანაში.
2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. საქართველოს არ დაუწყია ომი, 2008 წელს სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ სააკაშვილის არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაიწყო ომი აგვისტოში. ეს იყო რეალობა, რასაც ხელი მოაწერა თვითონ, მთელმა პარტიამ,“ - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რუსეთი არის თუ არა დამნაშავე ომის დაწყებაში, პრემიერი პასუხობს, რომ არის, მაგრამ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.
„ომში დამნაშავე როგორ არ არის. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, მაგრამ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით ხელი მოაწერა, როდესაც შეუერთდა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო იერიში. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რაც განახორციელა სააკაშვილის რეჟიმმა,“ - აღნიშნა მან.