"26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1 დეკემბრამდე თქვენ გაგინულდებათ საპენსიო სესხები და ჩვენ გპირდებით, რომ ზამთარს ამ კაბალური საპენსიო სესხების გარეშე შეხვდებით, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი და სრულად დაფინანსდება თქვენთვის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა ღონისძიებაზე "ერთიანობა" პასუხობს ხალხს".
სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კოალიციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პენსიონერებზე და მათ ღირსეულ სიბერეზე ზრუნვაა.
"ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბოლო წლებია აქტიურად მიწევს თქვენთან, ამ საყვარელ ადამიანებთან, პენსიონერებთან კონტაქტი. შევხვდი ათასობით პენსიონერს და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მძიმე და დაუცველობის შეგრძნება, რაც გაქვთ თქვენ, ალბათ არავის არ აქვს. მუდმივი შიში მომავლის, მუდმივი შიში იმაზე, რა იქნება ხვალ: შეძლებთ თუ არა ამ სეურაცხმყოფელი პენსიით შეიძინოთ საკვები, მედიკამენტები ან გადაიხადოთ წარმოუდგენლად გაძვირებული კომუნალური გადასახადები. მე ვიცი ის პრობლემები, რასაც თქვენ ყოველდღიურად განიცდით
თქვენ გახსოვთ, რომ იყო დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გაუჩინა ამ ღირსეულ ადამიანებს მომავლის იმედი, გაუქარწყლა მათ სიბერის შიში. მაგრამ ქართულმა ოცნებამ ისინი კვლავ უიმედობის ბნელ 90-იანებში დააბრუნა და ამ ყველაფერს დაამატა სრულიად კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხები, რომლებიც 400.000-მდე ჩვენს პენსიონერს აქვს და მათ არ იციან, როგორ იმყოფინონ პენსია თუნდაც საკვებზეც კი.
თქვენ იცით, მე ყოველდღიურად უამრავ პენსიონერს ვხვდები და ამის გარდა, რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი თქვენგანის მონაყოლი არ დამავიწყდება, როდესაც აფთიაქში იყო შესული და მედიკამენტის შეძენა ვერ მოახერხა.
26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1 დეკემბრამდე თქვენ გაგინულდებათ საპენსიო სესხები და ჩვენ გპირდებით, რომ ზამთარს ამ კაბალური საპენსიო სესხების გარეშე შეხვდებით. პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი და სრულად დაფინანსდება თქვენთვის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. და თქვენ არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თქვენი პენსიით რამდენი ტაბლეტი წნევის წამლის შეძენას შეძლებთ.
მეგობრები, მადლობა მინდა გითხრათ ყველაფრისთვის რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთეთ და ვიცი რომ კიდევ ბევრს გააკეთებთ. ჩვენთვის თქვენ იქნებით მთავარი საზრუნავი, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.