საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ესკალაცია თითქმის ფართომასშტაბიან ომია. ამის შესახებ ბორელმა ნიუ იორკში პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება Reuters
ბორელის თქმით, ლიბანში ბრძოლების შედეგად სულ უფრო მეტი მსხვერპლი და ნგრევა ფიქსირდება.
„ეს სიტუაცია არის უკიდურესად საშიში და შემაშფოთებელი. შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენ თითქმის ფართომასშტაბიან ომში ვიმყოფებით. თუ ეს არ არის საომარი მდგომარეობა, არ ვიცი, რას უწოდებთ ამას“, -განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, დაძაბულობის შესამცირებლად ძალისხმევა გრძელდება, თუმცა „ევროპის ყველაზე დიდი შიში კონფლიქტის გავრცელების შესახებ რეალობა ხდება.“
ბორელმა აღნიშნა, რომ ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა მშვიდობიან მოსახლეობას უწევს.
„ყველამ მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რომ დაასრულოს ეს გზა ომისკენ“,- თქვა ჯოზეფ ბორელმა.
ორშაბათს დილიდან ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის სამხრეთ და აღმოსავლეთის დასახლებებზე მასირებული დარტყმები დაიწყო. ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულია სულ მცირე 492 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი, დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ 1300 ობიექტს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელი სამხედროების სამიზნე ფრთოსანი რაკეტები, რეაქტიული ჭურვები და მოიერიშე დრონები იყო, რომლის საცავებიც განთავსებული იყო სოფლების შუაგულში, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებში.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ „ჰეზბოლა“ ამ შეიარაღების გამოყენებას ისრაელის წინააღმდეგ აპირებდა და ამავდროულად, საფრთხეს უქმნიდა ლიბანელ ხალხს.