ყველაზე დიდი ცვლილება ჩვენთან ინსტიტუციების შეცვლაა. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლისას.
"ყველაზე დიდი ცვლილება ჩვენთან ინსტიტუციების შეცვლაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ რასაც ლონდონის ჟურნალმა "ეკონომისტმა" მენტალური რევოლუცია უწოდა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კითხვები რომელსაც მისი მისამართით ხშირად სვამენ ასეთია - "მართალია, რომ გზაზე ავტოინსპექცია აღარ გაჩერებთ? მართალია, რომ მძღოლის ლიცენზიას სამ წუთში იღებ? მართალია, რომ გადასახადებს ელექტრონულად იხდით? მართალია, რომ სკოლაში ყველა მოსწავლემ მთავრობისგან ლეპტოპი მიიღო და ყველა სკოლაში ინგლისურს და რამდენიმე სხვა საგანს ამერიკელი ასწავლის? მართალია, რომ ყველაზე კარგი გზები გაქვთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის? მართალია, რომ ისეთ ქალაქებს აშენებთ, რომლებიც სინგაპურის, დუბაის, ჰონკონგის მსგავსია? - მართალია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი. პროცესი დაწყებულია და ყოველივე ეს რეფორმების დამსახურებაა. "მილენიუმ ჩელენჯს" ჩვენ დიდ პარტნიორად ვხედავთ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს "ამერიკან ინტერპრაიზში" გამართულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიას დაესწრება, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.