თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმეებში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის ჩვენება მოხდა.
"დღეს მოხდა საქმეში არსებული რამდენიმე ვიდეოჩანაწერიდან ერთ-ერთის ჩვენება. მასში ზეევ ფრენკელი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ხვდება და მასთან მორიგების პირობების შესახებ მართავს მოლაპარაკებას. დღევანდელი პროცესი მხოლოდ ამ ჩანაწერის ჩვენებით შემოიფარგლა, რაზეც შეფასებები, როგორც დაცვის, ისე მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან უკვე შემდეგ პროცესზე გაკეთდება", - განმარტა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე უკვე სხვა ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოხდება.
ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მორიგი პროცესი 18 იანვარს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვრის პროცესზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები იქნა განხილული, თუმცა მოსამართლემ ისინი არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარემ სულ 10 შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის, პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის მოწმის სტატუსით დაკითხვის საკითხი.
ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.