ევროკავშირი მოუწოდებს ვენესუელის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკლებლივ ყველა პოლიტიკური პატიმარი.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ვენესუელის ყოფილი ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატი ედმუნდო გონსალესი პოლიტიკურ დევნას განიცდის და "ემუქრება პირდაპირი საფრთხე მის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას".
ბორელის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გონსალესი იძულებული გახდა ვენესუელა დაეტოვებინა და თავშესაფრის თხოვნით ესპანეთისთვის მიემართა.
"დემოკრატიულ ქვეყნებში არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უნდა გახდეს იძულებული, თავშესაფარი სხვა ქვეყანასი ეძიოს", - თქვა ბორელმა და გაიხსენა, რომ დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, "გონსალესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების აბსოლუტური უმრავლეობით გაიმარჯვა".
"ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ შეწყვიტოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების რეპრესიები, თვითნებური დაპატიმრებები და დევნა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი", - ნათქვამია განცხადებაში.
ვენესუელის ოპოზიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ედმუნდო გონსალესი, ესპანეთში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც სამშობლოში მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა.
ვენესუელის ვიცეპრეზიდენტის, დელსი როდრიგესის თქმით, ვენესუელამ გონსალესს "პოლიტიკური სიმშვიდის გამო" ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.
ვენესუელის სასამართლომ გონსალესის დაკავების ორდერი გასცა რამდენიმე დანაშაულის გამო, მათ შორის სახელმწიფო მოვალეობების უზურპაციის, დოკუმენტების გაყალბების, დაუმორჩილებლობისკენ წაქეზებისა და სისტემის საბოტაჟის, ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
ვენესუელის საარჩევნო კომისიამ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგებით არჩევნებში გონსალესმა გაიმარჯვა.
ამის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ევროკავშირში განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას, ვიდრე ხმის მიცემის დეტალურ შედეგებს არ იხილავენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ებტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არჩევნებშო გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.
მადუროს მხარდაჭერაზე ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანამაც თქვა უარი.