შეერთებულმა შტატებმა და ერაყმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციის ჯარების გაყვანის გეგმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters იუწყება.
წყაროების თქმით, გეგმა, რომელიც დიდწილად შეთანხმებულია, მაგრამ საჭიროებს საბოლოო დამტკიცებას ვაშინგტონისა და ბაღდადისგან, ითვალისწინებს ასობით სამხედროს გაყვანას 2025 წლის სექტემბრისთვის, ხოლო დანარჩენის 2026 წლის ბოლომდე.
”ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ერთადერთი საკითხია, როდის გამოვაცხადოთ იგი”, - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
აშშ და ერაყი ასევე ცდილობენ დაამყარონ ახალი საკონსულტაციო ურთიერთობა, რომლის შედეგად სამხედროების გაყვანის შემდეგ ერაყში აშშ-ის გარკვეული ძალები დარჩეს.
რამდენიმე წყაროს თქმით, გარიგების შესხაებ, შესაძლოა ამ თვეში გამოცხადდეს.
შეერთებულ შტატებს დაახლოებით 2 500 ჯარისკაცი ჰყავს ერაყში და 900 მეზობელ სირიაში, კოალიციის შემადგენლობაში, რომელიც შეიქმნა 2014 წელს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად.
სხვა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ, ასევე გაგზავნეს ასობით ჯარისკაცი კოალიციაში.
ერაყი ახლა ამბობს, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ საფრთხეს.
გეგმის მიხედვით, ყველა კოალიციური ძალები დატოვებს აინ ელ-ასადის ავიაბაზას დასავლეთ ანბარის პროვინციაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს ყოფნას ბაღდადში 2025 წლის სექტემბრამდე.
აშშ და კოალიციის სხვა ჯარები, სავარაუდოდ, დარჩებიან ერბილში, ნახევრად ავტონომიურ ჩრდილოეთ ქურთისტანში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 2026 წლის ბოლომდე, რათა ხელი შეუწყონ ოპერაციებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ორწლიანი ვადა აშშ-ს აძლევს "ამსუნთქვის შესაძლებლობას" და კორექტირების შეტანის საშუალებას, თუ რეგიონში ვითარება შეიცვლება.