ნიუ იორკის შტატბის გუბერნატორის ქეითი ჰოქულის ყოფილ თანაშემწეს ლინდა სუნის, რომელიც მუშაობდა ჩინეთის ხელისუფლებისთვის, ბრალი წარუდგინეს სათანადო რეგისტრაციის გარეშე უცხო ქვეყნის აგენტობისთვის. განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა.
"ბრალდებული და მისი ქმარი კრისტოფერ ჰუ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ჩინეთის მთავრობისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესების სასარგებლოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, ჩინეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობამ ოჯახი მილიონობით დოლარით გაამდიდრა.
როგორც იუწყებიან, ლინდა სუნი მუშაობდა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრების მოწყობაზე, ხელმძღვანელობის მითითების გარეშე, ჩინელი ოფიციალური პირებისთვის აშშ-ში ოფიციალური მოწვევის მომზადებაზე, აკორექტირებდა შტატის ოფიციალური პირების წერილობით განცხადებებს პეკინის ინტერესების სასარგებლოდ და ხელს უშლიდა ამერიკის ოფიციალური პირებისა და ტაივანის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრებს.
"ლინდა სუნი არასდროს დარეგისტრირებულა იუსტიციის დეპარტამენტში, როგორც უცხოური ინტერესების აგენტი და აქტიურად მალავდა ფაქტს, რომ მოქმედებდა ჩინეთის მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ოფიციალური პირების ბრძანებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებებებს შორისაა ასევე საიმიგრაციო კანონების დარღვევა, ფულის გათეთრება და საბანკო თაღლითობა.
პროკურატურის მტკიცებით, სუნმა და მისმა ქმარმა მიიღეს პეკინისგან არამხოლოდ ფულადი სახსრები, რამაც მათ საშუალება მისცა შეეძინათ 4 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების სახლი, ბინა ჰავაიზე, ძვირადღირებული მანქანები, არამედ მომგებიანი კონტრაქტები ჩინეთში მათ ოჯახთან დაკავშირებული კომპანიებისთვის. ამასთან, აგენტურული სამუშაოს სანაცვლოდ ჩინეთში ბრალდებულების ნათესავები სწრაფად დაწინაურდნენ კარიერაში.
როგორც იუწყებიან, ლინდა სუნის მოთხოვნით მის მშობლებს ჩინეთში უგზავნიდნენ მთავრობის ერთ-ერთი წევრის პირადი შეფ-მზარეულის მიერ მომზადებულ იხვის კერძს.