დისიდენტი ჩინელი არტისტი გაო ჟენი დააკავეს "რევოლუციის გმირებისა და მოწამეების" შეურაცხყოფის ბრალდებით. იტყობინება დაკავებულის ძმა და თავადაც არტისტი გაო ციანი.
ძმებმა სახელი გაითქვეს თავიანთი პროვოკაციული სკულპტურებით, რომლითაც აკრიტიკებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელს, მაო ძედუნსა და მის რეჟიმს.
გაო ჟენმა ორი წლის წინ დატოვა ჩინეთი და საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა. დაკავების დროს იგი ჩინეთში იმყოფებოდა, ჰებეის პროვინციაში, როდესაც ოჯახს სტუმრობდა.
გაო ციანის განცხადებით, 26 აგვისტოს დაახლოებით 30 პოლიციელი შეიჭრა სამხატვრო სტუდიაში და დააკავეს მისი ძმა. პოლიციამ ასევე ამოიღო ძმების რამდენიმე ნამუშევარი.
1980-იანი წლებიდან ძმებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს ნამუშევრისთვის "მაოს დანაშაული". ეს არის სკულპტურა, რომელიც გამოსახავს სინანულის ნიშნად მუხლებზე მდგარ მაო ძედუნს.
ძმების მამა მაო ძე დუნის რეჟიმის დროს დააპატიმრეს, როგორც საზოგადოების მტერი. იგი პატიმრობაში გარდაიცვალა.
2021 წელს ჩინეთის ამჟამინდელი ლიდერის სი ძინპინის მეცადინეობით, შესწორება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და "რევოლუციის გმირებისა და მოწამეების" შეურაცხყოფა დასჯადი გახდა. ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ჩინეთის ხელისუფლებას დიდი ხანია მიზანში ჰყავს ამოღებული გაო ჟენი მაო ძე დუნის სკულპტურების გამო, თუმცა ამ დრომდე არტისტი ახერხებდა თავი აერიდებინა დაკავებისთვის.
არტისტის დაკავების შემდეგ, რამდენიმე ცნობილმა ჩინელმა ხელოვანმა ღია წერილი გაავრცელა და მოითხოვა მისი გათავისუფლება. ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.