2 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა.
პუტინი 3 სექტემბერს შეხვდება მონღოლეთის პრეზიდენტს უხნააგინ ხურელსუხს, ასევე ხელს მოაწერს რიგ დოკუმენტებს და ყვავილებით შეამკობს საბჭოთა გენერლის გიორგი ჟუკოვის ძეგლს.
პუტინის ვიზიტი ემთხვევა 1939 წელს ხალხინ გოლზე საბჭოთა და მონღოლური ჯარების მიერ იაპონიის შეიარაღებულ ძალებზე ერთობლივი გამარჯვების 85 წლისთავს.
მონღოლეთი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრი 2020 წლიდან. ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან, მათ შორის, მის ტერიტორიაზე შემოსული ნებისმიერი ეჭვმიტანილის დაპატიმრებითა და ექსტრადირებით.
ფორმალურად, მონღოლეთმა უნდა დააკავოს ვლადიმერ პუტინი, რომელზეც საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდერია გამოცემული ბავშვების უკრაინიდან რუსეთში უკანონოდ გადაყვანის გამო. დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ქვეყანაში, რომელმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა.