სამხრეთ კორეამ ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელის Telegram-ის მიმართ გამოძიება დაიწყო.
სამხრეთკორეული საგამოძიებო უწყებები ეჭვობენ, რომ სოციალურმა ქსელმა ხელი შეუწყო სექსუალური ხასიათის დანასაულების ჩადენას, რომლებიც დაკავშირებულია პორნოგრაფიული „დიპფეიკების“ გავრცელებასთან.
როგორც იუწყებიან, პოლიციამ ოფიციალური ბრალდების მომზადების მიზნით წინასწარი გამოძიება დაიწყო.
„როგორც საფრანგეთში, სეულის პოლიციამ დაიწყო წინასწარი გამოძიება Telegram-ის მიმართ, ვიდრე ოფიციალურ ბრალდებას წარუდგენს“, - ციტირებს მედია სამხრეთ კორეის ეროვნული საგამოძიებო სააგენტოს ხელმძღვანელის სიტყვებს.
მისი თქმით, საუბარია დანაშაულში თანამონაწილეობაზე, კერძოდ, „დიპფეიკების“ (ყალბი ვიდეოების) გავრცელებაზე.
ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, Telegram-ის ადმინისტრაცია არ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ სხვა ქვეყნების ეროვნულ საგამოძიებო ორგანოებსაც.
მისი თქმით, სეული აპირებს ითანამშრომლოს საფრანგეთის ხელისუფლებასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან წინასაგამოძიებო პროცესში.
შეგახსენებთ, 24 აგვისტოს Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დააკავეს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში. 28 აგვისტოს ის 5 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას აეკრძალა საფრანგეთის დატოვება და დაევალა კვირაში ორჯერ პოლიციაში გამომცხადება.
პაველ დუროვს პარიზის პროკურატურამ 6 ბრალდება წარუდგინა. საუბარია ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმაზე, ბავშვთა სექსუალურ დანაშაულებზე, ფულის გათეთრებაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე და სხვა.