ისრაელი მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა. საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით გამოვიდა ქვეყნის უდიდესი მუშათა პროფკავშირი, რომელიც „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად, ისრაელის მთავრობაზე ზეწოლას ახორციელებს.
საყოველთაო გაფიცვისკენ მოწოდებას წინ უძღვოდა გავრცელებული ინფორმაცია „ჰამასის“ მიერ 6 ისრაელელი მძევლის მოკვლის თაობაზე.
გუშინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის გვირაბებში სასტიკად მოკლული 6 ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვა.
პროფკავშირები მოუწოდებს ისრაელის მთავრობას, დაუყოვნებლივ მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გასათავისუფლებლად. გაერთიანების მესვეურები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „მთელი ისრაელის ეკონომიკა დაიხურება“.
„2 სექტემბერს დილის 6 საათიდან "მთელი ისრაელის ეკონომიკა სრულმასშტაბიან გაფიცვას დაიწყებს", - წერს პროფკავშირის ლიდერი.
მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, უნივერსიტეტების, კლინიკებისა და სკოლების მუშაობა შეფერხდება. რამდენიმე საათით თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეფერხდა. მოგვიანებით, აეროპორტში ფრენები აღდგა.
დილით გაფიცვის ფარგლებში, საპროტესტო აქციების მონაწილეება გადაკეტეს ერთ-ერთი მთავარი გამზირი თელ-ავივში.
გაფიცვაში მონაწილეები აცხადებენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკმარისი არ გააკეთა მძევლების გასათავისუფლებლად.
გაფიცვისა და მასობრივი საპროტესტო აქციების მოწოდებით გამოვიდა ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი.
"ნეთანიაჰუმ და სიკვდილის კაბინეტმა გადაწყვიტეს, არ გადაერჩინათ მძევლები. ისინი არიან პასუხისმგებლენი მძევლების სიკვდილზე“, დაწერა ლაპიდმა სოციალურ ქსელში და მოუწოდა ყველა მოქალაქეს, რომელთაც „თავზარი დასცა მძევლების მკვლელობის შესახებ გავრცელებულა შემაძრწუნებელმა ინფორმაციამ“, მონაწილეობა მიიღონ საპროტესტო აქციებში.
ლაპიდმა პროფკავშირებს, დამსაქმებლებს და ადგილობრივ ხელისუფლებებს გაფიცვისკენ მოუწოდა.