ორშაბათს, 2 სექტემბერს ღამით, რუსეთმა მასირებული შეტევა განახორციელა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით და ისკანდერებით. ინფორმაცია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ გაავრცელა.
პოპკოვის განცხადებით, კიევის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები და დრონები. მათი ნამსხვრევები ქალაქი ოთხ რაიონში - გოლოსეევსკი, სვიატოშინსკი, დნეპროვსკი და შევჩენკოვსკი - ჩამოვარდა.
„დედაქალაქის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს ათზე მეტი საკრუიზო რაკეტა და ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა, ასევე თავდასხმის დრონი“, - დაწერა მან ტელეგრამზე.
პოპკოს თქმით, სავარაუდოდ, საკრუიზო რაკეტები გაისროლეს სარატოვის ოლქის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან.
მისივე ცნობით, რუსეთმა კიევზე შეტევისას გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები KN-24 და რუსული ბალისტიკური რაკეტები ისკანდერ-M.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სვიატოშინსკის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ოთხ მანქანას, ორსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსს, ასევე დაზიანდა მეტროსადგურ სვიატოშინის შენობა.
ერთი კვირით ადრე, 26 აგვისტოს, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. რუსული რაკეტებიდან ერთი პირდაპირ კიევის წყალსაცავს მოხვდა, მეორე კი კიევის ჰიდროელექტროსადგურს. ეს უკანასკნელი დაზიანდა, თუმცა კაშხალზე ბზარები არ დაფიქსირებულა.