პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება კვლავ მოითხოვა.
"პატიება და დანაშაულის აღიარება ერთია, რეპარაცია - მეორე", - თქვა დუდამ პოლონეთის ლოძის ვოევოდის ქალაქ ვიელუნში 1-ელ სექტემბერს, ნაცისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრიდან 85 წლისთავზე.
"და ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი უკვე 80 წელია, თუ ჩავთვლით მეორე მსოფლიო ომის წლებს", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ვიელუნი ერთ-ერთი პირველი დასახლებაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ნაცისტური გერმანიის მიერ დაიბომბა. თავდასხმის შედეგად დაახლოებით 120 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. საერთო ჯამში, ომის წლებში პოლონეთში დაიღუპა დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი, ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა კი თითქმის მთლიანად განადგურდა.
პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მემარცხენე მთავრობას, რომელმაც ნაციონალ-კონსერვატორები შეცვალა, დღის წესრიგიდან არ ამოუღია რეპარაციების მოთხოვნის საკითხი.
შეგახსენებთ, 2022 წლის 1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 73-ე წლისთავზე, პოლონეთის საპარლამენტო კომისიამ წარმოადგინა შეფასება იმ ზარალის ოდენობის შესახებ, რომელიც გერმანიამ მიაყენა პოლონეთს ომის დროს.
კომისია გერმანიის მიერ მიყენებულ ზიანს 6.2 ტრილიონ ზლოტად (1.5 ტრილიონი დოლარი) აფასებდა.
პოლონეთმა არაერთხელ წამოჭრა გერმანიასთან დიალოგში რეპარაციების საკითხი. ბერლინი მიიჩნევს, რომ რეპარაციების საკითხი დახურულია.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზარალის შესახებ მოხსენება მოიცავს სამ ტომს. პირველ ტომში საუბარია გაწეულ სამუშაოზე, რომელიც ჩატარდა ზიანის შესაფასებლად, დანარჩენი ორი მოიცავს ინფორმაციას ნაცისტური გერმანიის მიერ 1939-1944 წლებში ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ტომეულში ასევე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელიც ასახავს პოლონეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
მოხსენების თანახმად მიყენებული ზიანი შეადგენს 6 ტრილიონ 220 მილიარდ 609 მილიონ ზლოტს, რაც დაახლოებით 1 ტრილიონ 532 მილიარდ 170 მილიონი აშშ დოლარია.
მოხსენების ავტორების თქმით, პოლონეთის პრეტენზიებს გერმანიის მიმართ ვადა არ გასვლია და არ აქვს ხანდაზმულობა.
მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრით დაიწყო.