ბრაზილიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ალეშანდრუ დი მორაისმა უბრძანა ეროვნულ მარეგულირებელ სააგენტოს, 24 საათის განმავლობაში შეწყვიტოს სოციალურ ქსელ X-ის მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, სოციალური ქსელის დაბლოკვის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ილონ მასკი უარს ამბობდა, ქვეყანაში X-ს კანონიერი წარმომადგენელი ჰყოლოდა.
გარდა ამისა, მოსამართლის ბრძანებით, ნებისმიერი პირი, რომელიც შეეცდება X-ის გამოყენებას, აკრძალვის გვერდის ავლით, დაჯარიმდება დღეში 50 000 რეალის ოდენობით.
ამასთან, მოსამართლემ დაავალა Google-სა და Apple-ს, მომდევნო 5 დღის განმავლობაში ამოიღონ აპლიკაცია X თავიანთი პლატფორმებიდან.
მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სოციალური ქსელის მფლობელი ილონ მასკი. მისი თქმით, ალეშანდრუ დი მორაისი დიქტატორია, რომელიც თავს მოსამართლედ ასაღებს.
მანამდე, სოციალურ ქსელს X-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა შეესრულებინა ბრაზილიის ხელისუფლების მოთხოვნა ქსელის იმ მომხმარებლების დაბლოკვასთან დაკავშირებით, რომლებიც დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში იყვნენ მხილებულნი. მაშინ ილონ მასკმა ბრაზილიის ხელისუფლება და კერძოდ, მოსამართლე მორაისი ცენზურაში დაადანაშაულა.