უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი. განკარგულება გამოქვეყნდა სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე.
ოლეშჩუკის გადაყენებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"გადავწყვიტე, შევცვალო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩვენი ყველა სამხედრო მფრინავის, ინჟინრის, მობილური საცეცხლე ჯგუფების მეომრების, საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟების. ყველასი, ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის - შედეგისთვის. ეს საჭიროა ასევე სამეთაურო დონეზეც. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და დავიცვათ ხალხი. დავიცვათ პირადი შემადგენლობა. დავიცვათ ჩვენი ყველა მეომარი", - განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ ოლეშჩუკის გადაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაადასტურა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნა და მისი პილოტის დაღუპვა. ტრაგიკულ შემთხვევის გამოძიების მიზნით შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია.
საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო, რომელიც მანამდე ხელმძღვანელობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამეთაურო ცენტრს.