უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მონღოლეთს, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით ნაკისრი ვალდებულებები და დააკავოს რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ვიზიტის დროს.
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ მონღოლეთის მთავრობამ "იცის ის ფაქტი, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა" და მისი დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობისთვის გაცემულია საერთაშორისო სასამართლოს მიერ, "რომლის იურისდიქციას აღიარებს მონღოლეთი".
"უკრაინელი ბავშვების გატაცება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანარჩენი წარმომადგენლები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდში“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მონღოლეთს "აღასრულოს სავალდებულო საერთაშორისო ორდერი" და გადასცეს პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინი მონღოლეთში ვიზიტს 3 სექტემბერს გეგმავს. პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი არ არის შეშფოთებული ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში ვიზიტისას მისი შესაძლო დაკავებით.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მონღოლეთმა დაარწმუნა პუტინი, რომ ქვეყანაში ვიზიტისას არ დააკავებენ ICC-ის ორდერის საფუძველზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი 17 მარტს გამოსცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ორგანიზებაში ედებათ, რაც ომის დანაშაულად არის მიჩნეული.
მოსკოვი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.,