უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
გენშტაბის განცხადებით, თვითმფრინავი რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას ჩამოვარდა და პილოტი დაიღუპა.
"რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას, საზენიტო-სარაკეტო ძალების დანაყოფებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები გამოიყენეს. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ის ტიპის თვითმფრინავმა აჩვენა თავისი მაღალი ეფექტურობა და და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მორიგ სამიზნესთან მიახლოებისას, ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და პილოტი დაიღუპა", -ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია შეიქმნა.