მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი დაჩქარებულად არ იქნას განხილული, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
მისივე თქმით, სასულიერო პირები დღეს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. პატრიარქის პოზიცია კი სინოდის წევრებს მისმა მოსაყდრემ, შიომ გააცნო:
“ამ ტიპის წინადადება იმ დონის საკითხია, რომ, ვფიქრობ, დაჩქარებულ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. პირადად მე, არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ შესვლას, რადგან მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება, მეტი აწონდაწონვა და არ მიმაჩნია, რომ დღეს სახელდახელოდ, სასწრაფო იყოს ამის განხილვა.
როცა საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მზადდებოდა, მაქსიმალურად შესწავლილი იქნა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება. ეს იქნა მიღებული და მისი უწმინდესობა არ იყო მაშინ მომხრე სტატუსის. დღეს, რაც მე ვიცი ახლა, საუბარი არ არის სახელმწიფოებრივი რელიგიის სტატუსზე.
შემოთავაზება არის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდეს იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც არსებობს თანამედროვეობაში.
პატრიარქის სურვილი ითქვა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი დაჩქარებულად არ იქნას განხილული“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
დღეს, 29 აგვისტოს, ეპისკოპოსები საპატრიარქოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების განსახილველად შეიკრიბნენ.