29 აგვისტოს ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის დედაქალაქ კიევს.
საჰაერო თავდასხმა ექვს საათს გაგრძელდა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის სერგეი პოპკოს განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა "დაახლოებით 15 დრონის ჩამოგდება მოახერხეს". მისივე თქმით, არცერთ მათგანს მიზნისთვის არ მიუღწევია.
ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები დნეპრის, გოლოსეევსკის და დესნიანსკის რაიონებში საცხოვრებელ კორპუსებზე დაეცა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.
"ოპერატიული სამსახურების ინფორმაციით, დედაქალაქის გოლოსეევსკის რაიონში ნამსხვრევებით დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მდებარე ბინის ფანჯრები და კარები", - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. დესნიანსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები კერძო სახლს დაეცა და ეზოში მდგარ ხის ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა.
საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და აფეთქებების შესახებ ცნობები მიიღეს უკრაინის სხვა რეგიონებიდანაც. საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა ჩერნიგოვის, სუმის, კიევის, ჟიტომირის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებში.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმის შედეგებზე.
ბოლო კვირაში პირველი მასშტაბური საჰაერო იერიში რუსეთმა კიევზე ორშაბათს, 26 აგვისტოს მიიტანა. თავდასხმა უკრაინის 15 რეგიონზე განხორციელდა. მეორე დღეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ განახორციელეს კომბინირებული დარტყმა უკრაინაზე ავიაგამანადგურებლების, ბალისტიკური, საკრუიზო და აერობალისტიკური რაკეტების გამოყენებით.