საფრანგეთს ძებნილთა სიაში Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმაც ჰყავს შეყვანილი.
საფრანგეთში, პაველ დუროვისა და მისი ძმის ნიკოლაის დაპატიმრების ორდერი ჯერ კიდევ მარტში გამოიცა. იუწყება Politico
დოკუმენტის თანახმად, რომელსაც Politico გაეცნო, ფარული გამოძიება Telegram-ის მიმართ უფრო ფართოა და დაიწყო რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე მანამდე იყო ცნობილი.
საუბარიაTelegram-ის უარზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე საქმეზე. კერძოდ, გამოძიება სასამართლოს საშუალებით ითხოვდა „ტელეგრამის“ მომხმარებლის იდენტიფიცირებას, რაც არ მოხდა, რის შემდეგაც საფრანგეთმა დუროვების დაკავების ორდერი გამოსცა.
დაკავების ორდერი 25 მარტს გაიცა „ორგანიზებულ ჯგუფში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული სურათების ფლობის, გავრცელების, შეთავაზების ან მიწოდების თანამონაწილეობის ბრალდებით“.
შეგახსენებთ, 26 აგვისტოს საფრანგეთის პოლიციამ Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავა და 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 27 აგვისტოს პარიზის პროკურატურამ დაკავებულ რუს ბიზნესმენს ოფიციალურად ბრალი წაუყენა. მესენჯერ Telegram-ის მფლობელისა და შემქმნელის გასამართლებას, პროკურატურა შემდეგი 12 მუხლით ითხოვს:
არაკანონიერი ტრანზაქციების გატარების მიზნით ონლაინ პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება;
სამართალდამცავებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა;
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობა;
ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობა;
ნარკოტიკების გავრცელებაში თანამონაწილეობა;
ჰაკერული პროგრამების გავრცელებაში თანამონაწილეობა;
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში თანამონაწილეობა;
დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებული ჯგუფის შექმნაში თანამონაწილეობა;
ფული გათეთრებაში თანამონაწილეობა;
კრიპტოგრაფიული მომსახურების გაწევა დეკლარირების გარეშე;
უკანონო კრიპტოგრაფიული ინფორმაციის მიწოდება;
უკანონო კრიპტოგრაფიული საშუალებების იმპორტი;