ყოველთვის უნდა ვევედროთ ღვთისმშობელს, რომ მისი ლოცვით ჩვენც გავხდეთ თანაზიარი მარადიული საღვთო ნათლისა, რომელიც ბრწყინავს მთელ სამყაროში. ამ ლურჯი ცის ზემოთ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის კიდევ ერთი ზეცა, რომელიც სავსე და დაფარულია ღვთისმშობლის დიდებით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა – საქართველო.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას და სიონობას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას.
ეს დიდებული ტაძარი, სიონი, თავისი წლოვანებით თბილისის თანატოლია. როდესაც საფუძველი ჩაეყარა ქალაქ თბილისს, მაშინ საფუძველი ჩაეყარა სიონის ტაძარსაც და დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა – საქართველო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან.
მიძინება გახლავთ სრულიად განსაკუთრებული დღესასწაული. ჩვენ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს უფრო მეტად, ვიდრე ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ქერუბიმებს, სერაფიმებს და, საერთოდ, ყველას და ყველაფერს, რაც შექმნილია ღმერთის მიერ.
მაგრამ რატომ ვზეიმობთ ასე განსაკუთრებით მიძინების დღესასწაულს?
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განიღმრთო, მოხდა მისი განღმრთობა. მართალია, ის იყო ღვთის ქმნილება, მაგრამ მისმა პირადმა და სამყაროში ერთადერთმა უცოდველობამ იგი აღამაღლა ქმნილებაზე მეტად. უფლის მადლმა და ძალამ იგი აღამაღლა ამ უცოდველობის გამო.
სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვიზეიმეთ ფერისცვალების დიდებული დღესასწაული, რომლის ტროპარიც გვაუწყებს, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოწაფეებს თავისი საღვთო დიდება უჩვენა. ამავე ტროპარში ნათქვამია, ლოცვის სახით შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენც გვაზიაროს ამ დიდებას. გახსოვთ ტროპარის სიტყვები: „გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, ნათლისა მომცემელო, უფალო, დიდება შენდა“.
ჩვენი ცხოვრების მიზანიც ხომ სწორედ ის არის, რომ ჩვენშიც გამობრწყინდეს საღვთო დიდების ეს მარადიული ნათელი. ვისაც დღეს სულიერი თვალები ახელილი აქვს, ისინი ხედავენ ამ საღვთო დიდების გამოვლინებას ღვთისმშობლის მიძინებაში.
საეკლესიო გადმოცემა, ჩვენი იკონოგრაფია გვაუწყებს, როგორ მოხდა ღვთისმშობლის გარდაცვალება, როგორ გადავიდა იგი ზეციურ სამყაროში, რომ თვით ძე ღმერთი თავისი საღვთო დიდებით შეეგება მას, თვით ძე ღმერთი მთელ ზეციურ სამყაროსთან ერთად ეგებება მას გვირგვინით.
რა გვირგვინია ეს, რაზე მიანიშნებს ეს გვირგვინი?
აი, სწორედ ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა ზეციური დედოფალი ამ ჟამს, მისი მიძინების ჟამს. მას შემდეგ წმინდა ეკლესია მას უწოდებს ზეცისა და მიწის დედოფალს, ყოველთა დედოფალს. დედამიწას არ შეეძლო ზეცისთვის მიეცა ამაზე უფრო წმინდა, ამაზე უფრო უბიწო და აღმატებული არსება.
ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ მან მიიღო თავის წიაღში ნათლის მომცემელი და ცხოვრების მომცემელი ღმერთი. სწორედ ამიტომ ფერისცვალების ტროპარში აღნიშნულია, რომ ღვთისმშობლის მეოხებით შეიძლება აღმოუბრწყინდეს ადამიანს საღვთო, მიუაჩრდილებელი თაბორის შუქი, მარადიული ნათელი. ამიტომ ყოველთვის უნდა ვევედროთ ღვთისმშობელს, რომ მისი ლოცვით ჩვენც გავხდეთ თანაზიარი ამ მარადიული საღვთო ნათლისა, რომელიც ბრწყინავს მთელ სამყაროში და ამ ლურჯი ცის ზემოთ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის კიდევ ერთი ზეცა, რომელიც სავსეა და რომელიც დაფარულია ღვთისმშობლის დიდებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. ვეცადოთ, რომ მთელი გულით შევიყვაროთ დედა ღვთისმშობელი და თაყვანი ვცეთ მას, როგორც ჩვენს საერთო მეოხსა და შუამდგომელს წინაშე საღვთოისა ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოით მამით მისით და ყოვლადწმინდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.