პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელების მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად აშშ-ის პოლიტიკა უცვლელია.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა კომენტარი გააკეთა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მასში არ მონაწილეობს.
„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი რუსეთთან.
ჩვენ მხოლოდ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ ქვეყანას... და ვაძლევთ [უკრაინელებს] შესაძლებლობას დაიცვან თავი“, - თქვა რაიდერმა და აღნიშნა, რომ პენტაგონის პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.„უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ აშშ-ის მიერ გაწეული დახმარება ისაფრთხოებისათვის, საზღვრისპირა თავდასხმებისგან დასაცავად, ანუ ცეცხლის საპასუხოდ. მაგრამ რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე, ღრმა დარტყმებს, ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორი მანძილის იარაღის გამოყენებაზე.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა, ასზე მეტი რაკეტისა და ასამდე დრონის გამოყენებით.
ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა.