28 აგვისტოს ღამით, რუსეთის როსტოვის ოლქში, ძლიერი აფეთქებების შემდეგ, ხანძარი გაჩნდა ორ ნავთობაზაზე.
წინასწარი ინფორმაციით, “როსრეზერვის” კომბინატი “ატლასი“ იწვის.
ნავთობბაზა ეკუთვნის სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს და უშუალოდ გამოიყენებოდა საოკუპაციო არმიის საწვავით მომარაგებისათვის.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის განცხადებით, რეგიონში დრონებით თავდასხმა მოხდა. მისი თქმით, დაახლოებით დილის 3.00 საათზე როსტოვის ოლქში 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მისივე თქმით დაშავებულები არ არიან.
ამასთან, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია როსტოვის ოლქში მეორე ნავთობბაზე თავდასხმის შესახებაც. ერთდროულად იწვის ორი ნავთობბაზა. კამენსკის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაიგეს.
ამასთან, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი თავის ტელეგრამის არხზე წერს ორი დასახლებული პუნქტის ევაკუაციის შესახებ, მას შემდეგ რაც „ფეთქებადსაშიშ ობიექტთან“ ორი დრონი ჩამოადგეს. "უპილოტოს ფრაგმენტების ჩამოცვენამ ფეთქებადსაშიში ობიექტის სიახლოვეს ხანძარი გამოიწვია დეტონაცია არ ყოფილა", - წერს გუსევი და ამატებს რომ ოპერატიულმა ჯგუფმა ორი დასახლებული პუნქტის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
საინფორმაციო არხი ASTRA ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინელებმა იერიში მიიტანეს ხუტორ მალაია მეჟენკაში არსებულ საბრძოლო მასალების საწყობზე.