რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინამ ტყვედ აიყვანა მტრის 594 ჯარისკაცი და აკონტროლებს 100-ზე მეტ დასახლებას, ანუ 1 294 კვ.კმ-ს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ,ა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„დღეისათვის კონტროლი დავამყარეთ 1294 კვ.კმ ტერიტორიაზე - ეს არის 100-ზე მეტი დასახლებული პუნქტი... ასევე მნიშვნელოვნად შევავსეთ გაცვლითი ფონდი: დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით ტყვედ ჩავარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურე“, - განაცხადა სირსკიმ.
მან აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იყო რუსეთის მნიშვნელოვანი ძალების სხვა მიმართულებებიდან - კერძოდ, პოკროვსკიდან და კურახოვსკიდან გაყვანა.
„ამჟამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კურსკის მიმართულებით უკვე განლაგებულია დაახლოებით 30 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე და ეს მაჩვენებელი იზრდება“, - განაცხადა მთავარსარდალმა.
მისივე თქმით, რუსები სხვა მიმართულებიდან დანაყოფების გაყვანას ცდილობენ, მაგრამ პოკროვსკის მიმართულებით, პირიქით, აძლიერებენ ძალისხმევას.