საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე კოალიციის „ახალი სახალხო ფრონტის“ მიერ შეთავაზებული კანდიდატურა.
ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრად დაენიშნა 37 წლის ეკონომისტი ლუსი კანტე და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების მორიგი რაუნდის წამოწყების შესახებ განაცხადა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტში არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე მემარცხენე კოალიციის მცდელობა, ჩამოაყალიბოს მთავრობა, სხვა პარტიების მხრიდან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
მანამდე, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ განაცხადა, რომ „ახალი სახალხო ფრონტის“ მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატურა დაიბლოკება.
მემარცხენე კოალიციაში შემავალმა პარტიებმა მკაცრად გააკრიტიკეს ელისეის სასახლის განცხადება და პრეზიდენტ მაკრონის იმპიჩმენტის მოწოდებით გამოვიდნენ.
საფრანგეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ახალი სახალხო ფრონტი" – 188
ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი - 161
მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანება - 142
საფრანგეთის პარლამენტში მთავრობის ჩამოყალიბებასა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დამტკიცებას 289 მანდატი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მონაცემებით დამოუკიდებლად ამას ვერცერთი პარტია მოახერხებს.