პაკისტანში ეთნიკურ ნიადაგზე ბოლო დროის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა 22 ადამიანი მოკლეს.
შემთხვევა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბალოჩისტანის პროვინციაში, მუსა ხელის უბანში მოხდა. თავდამსხმელებმა ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილები გააჩერეს და, მგზავრების საიდენტიფიკაციო მონაცემების შემოწმების შემდეგ, პირები, რომლებიც პენჯაბის რაიონიდან იყვნენ, დახოცეს, მათ ავტომობილებს კი ცეცხლი წაუკიდეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა გასამხედროებულმა „ბელუჯის გამათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.
დაჯგუფებამ ფანაცხადა, რომ დაღუპულები სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედროები იყვნენ, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მსხვერპლთა შორის რიგითი მოქალაქეები იყვნენ.
სამართალდამცველებმა 12 თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს. დაჯგუფებამ გასული 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში სამთავრობო უწყებებზე თავდასხმებიც მოაწყო, რის შედეგადაც ქალათში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ხუთი უსაფრთხოების პერსონალი. კიდევ ექვსი ადამიანის ცხედარი ბალოჩისტანში იპოვეს.