მედიის ცნობით, დილიდან უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებებია ოდესის, დნიპროპეტროვსკის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვსკის, ზაპოროჟიესა და ლვოვის ოლქებში.
ვოლინის ოლქის ქალაქ ლუცკში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ პოლონჩუკმა განაცხადა.
პოლტავის ოლქში დაზიანდა სამრეწველო ობიექტი და დაშავდა ხუთი ადამიანი. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინმა თავის ტელეგრამაში დაწერა.
ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს რეგიონში, რუსეთის დარტყმებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა დნიპროპეტროვსკის ოლქშიც.
სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მთელ უკრაინაში ელექტრომომარაგების პრობლემა წარმოიშვა. „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის გადაუდებელი შეწყვეტის ბრძანება გასცა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო წყალმომარაგების შეფერხებები დაფიქსირდა კიევის მარჯვენა სანაპიროზე.
უკრაინის დედაქალაქში „უძლეველობის პუნქტები“ ამოქმედდა, სადაც მოსახლეობას ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საჭირო დახმარების მიღება შეუძლია.
ელექტროენერგია გაითიშა ლვოვისა და მიკოლაევის ოლქებშიც.
უკრაინის რკინიგზამ გაიყვანა სარეზერვო დიზელის ლოკომოტივები, საქალაქთაშორისო მატარებლები აგრძელებენ მოძრაობას გრაფიკის მიხედვით, მაგრამ შეფერხებები შეინიშნება ელექტრომატარებლების მოძრაობაში.