25 აგვისტოს საფრანგეთის სასამართლომ , Telegram-ის 39 წლის დამფუძნებელს, პაველ დუროვს პატიმრობა კიდევ 48 საათით გაუხანგრძლივა. იუწყება AFP გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
დუროვი ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს საღამოს დააკავეს. დაკავების პერიოდი შეიძლება მაქსიმუმ 96 საათამდე გახანგრძლივდეს, ამ დროის განმავლობაში დუროვს ბრალი უნდა წაუყენონ ან გაათავისუფლონ.
როგორც იუწყებიან, დუროვის დაკავების ორდერი ეროვნული პოლიციის არასრულწლოვანთა ოფისმა (OFMIN) გასცა, გამოძიება კი ჟანდარმერიის ეროვნულ კიბერ განყოფილებას და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროს დაევალა.
მედიის ცნობით, დაკავების ორდერი გამოიცა წინასწარი გამოძიების ფარგლებში, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა დანაშაულს, მათ შორის, თაღლითობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, კიბერბულინგი, ორგანიზებული დანაშაული, ბავშვთა წინააღმდეგ დანაშაულები და ტერორიზმის პროპაგანდა. დუროვს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან არ მიიღო ზომები Telegram-ის დანაშაულებრივი გამოყენების წინააღმდეგ, არ ახორცილებდა სერვისის მოდერციას და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
საფრანგეთის ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ჯერ კიდევ არ აკეთებენ კომენტარს დუროვის დაკავების შესახებ. მოელიან, რომ პარიზის პროკურატურა ოფიციალურ განცხადება ორშაბათს, 26 აგვისტოს გააკეთებს.
დუროვის დაკავებიდან მალევე განცხადება გაავრცელა Telegram-ის გუნდმა. მათი განცხადებით, "დუროვს დასამალი არაფერი აქვს", "ის ხშირად მოგზაურობს ევროპაში" და "თავად პლატფორმა შეესაბამება ევროკავშირის კანონებს".
"აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმა ან მისი მფლობელი პასუხისმგებელია ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე", - თქვა Telegram-მა.
პარიზში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ მოითხოვა დუროვთან წვდომა, მაგრამ პასუხი არ მიუღია და საფრანგეთი დაადანაშაულა თანამშრომლობის უარყოფაში.
"ვინაიდან დუროვს საფრანგეთის მოქალაქეობაც ჰქონდა, საფრანგეთი მიიჩნევს, რომ ეს არის მისი ძირითადი მოქალაქეობა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.