რუსეთის ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინული დრონებით თავდასხმისას, სარატოვში ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, მეორე კი ენგელსში სახლის სახურავს მოხვდა. რუსული მედიის ცნობით, დრონის ნამსხვრევებმა ათობით ავტომობილი დააზიანა.
ტელეგრამარხმა Mash-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც დრონი ეჯახება 37-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ფეთქდება.
სხვა არხებით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მაღლივი კორპუსის სამ სართულზე მინები ჩამტვრეულია.
Mash -მა ასევე გამოაქვეყნა დაზიანებული მანქანების ვიდეო იმ სახლის ეზოში, რომლის სახურავსაც დრონი დაეჯახა.
დრონებით თავდასხმის ფაქტი სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმაც დაადასტურა.
ბუსარგინის თქმით, რუსეთის ძალებმა უკრაინული დრონები მოიგერიეს.
„გამთენიისას, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატები. სარატოვსა და ენგელსში ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“, - წერს ბუსარგინი ტელეგრამარხზე.
მისივე ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი მათგანი ძმიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ქალაქები სარატოვი და ენგელსი ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს ვოლგის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე, ხოლო ენგელსის ავიაბაზა მდინარიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრშია განლაგებული.