უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან კონცენტრირებულია ბელარუსის შეიარაღებული ძალების ნაწილები და სამხედრო ტექნიკა. უწყების განცხადებით, ასევე იქ იმყოფებიან ყოფილი „ვაგნერელები“.
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს ბელარუსულ მხარეს არ დაუშვას ტრაგიკული შეცდომა მოსკოვის ზეწოლის ქვეშ.
”უკრაინის სადაზვერვო სამსახურის თანახმად, გომელის რეგიონში, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრებთან წვრთნების საფარქვეშ კონცენტრირებულია ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა, კერძოდ, სპეციალური ოპერაციების ძალები, იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის ტანკები, არტილერია, ზალპური ცეცხლის რაექტიული სისტემები. საჰაერო თავდაცვის სისტემები და საინჟინრო აღჭურვილობა. ასევე დაფიქსირებულია ყოფილი „ვაგნერის“ მებრძოლები.
წვრთნების ჩატარება სასაზღვრო ზონაში და ატომური ელექტროსადგურის ობიექტის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს, საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ და ზოგადად მსოფლიო უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ ბელარუსის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს, არ დაუშვან ტრაგიკული შეცდომები საკუთარი ქვეყნისთვის მოსკოვის და მისი შეიარაღებული ძალების ზეწოლის ქვეშ, შეწყვიტონ არამეგობრული ქმედებები და გაიყვანონ ჯარები უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან იმ მანძილის დაშორებით, რომელიც აღემატება ბელარუსის რესპუბლიკის საცეცხლე სისტემების მოქმედების არეალს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინას არასოდეს გაუკეთებია და არ აპირებს რაიმე არამეგობრული ქმედებების განხორციელებას ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ.
„გაფრთხილებთ, რომ ბელარუსის მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფო მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა განხორციელდეს გაერო-ს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლება.
ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგალური სამიზნე იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარების, სამხედრო ობიექტების და მომარაგების გზების ყველა კონცენტრაცია“, - განაცხადეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.